ის, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერზე ჯერ არ მითქვამს…


speak-without-words1 წელი გავიდა, რაც სიახლის გემო გავიგეთ…

1 წელი გავიდა, რაც იმავე გემოსთან შეგუება სხვებსაც მოუხდათ…

აი, იმ „სხვებს“, ვისი მიზეზითაც საკუთარ თავებში ჩახედვა თვითონაც მოგვიხდა…

მოკლედ, 1 წელი ვიყავი ჩემთვის, ხმა არ ამომიღია და ახლა გადავწყვიტე, ის ერთი დღე „გაჩუქოთ“, რომელიც, როგორც ვამბობთ ხოლმე, განგებამ „ჩემს პირველ ოქტომბრად“ აქცია. 🙂

უმრავლესობამ იცით, რომ ჩემმა წინაპარმა ბინა კასპში დაიდო, მეც ოფიციალურად რეგისტრირებული დღემდე იქ ვარ და საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაც იქვე მიხდება. 2012 წლის 1 ოქტომბერს ამავე მიზეზით ქ.კასპის N2 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანს ჯერ კიდევ მის გახსნამდე, 07:30 სთ-ზე მივადექი.

იქვე ახლობლები შემხვდნენ, რაც გასაკვირი სულ არაა, კასპში თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. დაველოდე და 8 საათი არ იყო, უბანზე უპრობლემოდ რომ შემიშვეს. არ ვიცი, რატომ. თვალი გადავავლე და სიტუაცია ასეთი იყო: აღნიშნული სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე კომისიას უძღვებოდა, მოადგილე კი კასპის კულტურის სახლის ყოფილი დირექტორი და ქალაქის კოლორიტი ბელა კობიაშვილი გახლდათ. კომისიის წევრთა უმრავლესობას პედაგოგები, ასევე, თბილისიდან ჩასული „კომისიანტები“ და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები წარმოადგენდნენ.

08:00-ზე ვერ, მაგრამ 08:40-ზე პირველი ამომრჩეველი მას შემდეგ მოიკითხეს, რაც დაკარგული ლუქები ვერ იპოვეს და, შესაბამისი ოქმის სასფუძველზე, საარჩევნო ყუთი დემონსტრაციულად სამარილესავით სკოლის დერეფნის შუაგულში ჩადგეს. ყუთს ძალიან სანდომიანი ქალბატონი მაკა მეთვალყურეობდა, რომლის მოთმინებამ უზომოდ გამაკვირვა, ყურადღება არ მოუდუნებია…

მოკლედ, როგორც იქნა, საარჩევნო ყუთში საკონტროლო კონვერტი ჩააგდეს, ყურადღება მომაქციეს, ისიც მას შემდეგ, რაც ოლია მახარაძემ ამომრჩეველთა შემოშვების „ბრძანება“ გასცა. მე ვარ მეთქი, მოვახსენე. იქვე, მიცნეს, იჭვნეულად ამათვალიერ-ჩამათვალიერეს, ყალბადაც გამიღიმეს და პროცედურა დავიწყეთ. კაბინიდან გამოსულს ისეთი სახეებით მიყურებდნენ, თითქოს, “განძის კუნძული” სტივენსონმა კი არა, მე დავწერე და ნამდვილი ამბავი იყო.

ქალბატონმა მაკამ სანდომიანად გამიღიმა, კონვერტი ყუთში მოვათავსე და მაშინ უნდა გენახათ ზოგიერთების გაოგნებული სახეები, ჩანთა რომ გავხსენი, ე.წ. „პრეს-კარტა“ „დავაძრე“, გულზე მედალივით დავიკონწიალე და მასზე სიტყვა PRESS-მაც გაიელვა.

საქმე იმაშია, რომ რადგან მაინც კასპში ვიყავი წასასვლელი, საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობამ, სადაც იმ დროისთვის ვმუშაობდი, კორესპონდენტის სტატუსი ოფიციალურად მომცა და პირდაპირი მოვალეობის საფუძველზე პროცესის გაშუქებაც დავიწყე. აი, სად დაიწყო ნამდვილი ამბავი! 🙂

რა არ მოეწონათ?

სკოლის მთელ პერიმეტრზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი იყო მობილიზებული (პირდაპირი მნიშვნელობით), იქვე ერთი უბნისთვის საკმაოდ ბევრი, დამატებით 7-8 ადამიანი სხვა პარტიების, კერძოდ, ქდმ-ს, „ახალი მემარჯვენეების“, „ლეიბორისტების“ წარმომადგენლები იყვნენ კომისიის წევრების რანგში.

კამერამ, რომლითაც ყუთის დადგმის პროცესი გადაიღეს, კანონის თანახმად, ამავე ყუთიდან 3 მეტრის მოშორებით გადაინაცვლა და მუდმივი მეთვალყურე ქალბატონი მზიას მზერა არ სცილდებოდა. მოვიდა „ინფო9-ც“ და, ამავე კანონის თანახმად, 10 წუთში იქაურობა ისევ დატოვა.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ვიღაც „ზედმეტს“ ჩემი სახით არ ელოდნენ… და პირველივე შემთხვევისას ქალბატონი კომისიის არანაკლებ ქალბატონი თავმჯდომარე, რასაც ჰქვია, „აიჭრა!“ 🙂

საქმე იმაშია, რომ თბილისიდანვე გავითვალისწინე, ჩემი აწ უკვე ძველი iPhone-ის ანალოგი ჩინური iPhone-ც ვიყიდე და ისე წავედი.  რომ იცოდეთ, არც შევმცდარვარ 🙂 რამდენჯერმე „ნაციონალების“ დამკვირვებლებმა, რა კარგი ტელეფონი გაქვს, არ დაკარგოო, მომაძახეს. 🙂 მარტივია, ორიგინალით ვიღებდი და დასანახად ხელში ჩინური „აიფონჩიკი“ მეჭირა. 🙂

ისე მოხდა, რომ დავინახე, სრულიად ანაზდად ქალბატონმა თავმჯდომარე ოლია მახარაძემ ცესკო-ს მწვანე ფორმის ქვემოდან მარჯვენა ხელით შეცოცებული ერთ ზომაზე დაკეცილი ქაღალდების დასტა გარედან როგორ შემოიტანა. იქვე ტელეფონი მოვიმარჯვე, ისე, რომ გადაადგილებაში ხელი არ შემეშალა, მივედი და მის ყველა მოძრაობას მისივე ნერვული სისტემისთვის პრობლემის შექმნის გარეშე ვიღებდი. ზოგადად, დარბაზში მდგარ ყველა მაგიდას ზემოდან რატომღაც გადასაფარებელი ჰქონდა, თუმცა, მანამდე ვერ მივხვდი, რატომ. ამ დროს კი უკვე გასაგები გახდა 🙂

ქალბატონმა ოლიამ ჯერ საკუთარი ხელჩანთა დადო მაგიდაზე, შემდეგ კი აღნიშნული დასტა გადასაფარებლის ქვემოდან ანაზდად შეაცურა. ეს ჩემი ტელეფონის კამერამ დააფიქსირა. ამ დროს მეორე მხრიდან ქალბატონი ბელას ხმა მომესმა, მიმითითა, ასე ახლოდან ნუ იღებ, არ შეიძლებაო. ქალბატონ ბელასთან იმდენი ხნის და ისეთი კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, სულ თავიც რომ გამიტეხოს, ხმას არ გავცემ 🙂 იქვე განვუმარტე, რომ მე კანონით ამის უფლება მქონდა და დამეფიცება, არც მას უთქვამს მეტი არც იმ და არც – სხვა სიტუაციაში, იჯდა და თავის საქმეს პატიოსნად აკეთებდა. სამაგიეროდ, ქალბატონმა ოლიამ და მისმა კიდევ ერთმა კოლეგამ (პედაგოგმა) დოდო ჯანგავაძემ, ყურადღების გადატანის მიზნით, სასწრაფოდ ამ თემის აგორება გადაწყვიტეს და ისეთი კივილი ატეხეს, ზარისთვის მომართულ მეგრელ ქალს შეშურდებოდა!

journalisme-responsable_article_topმიმტკიცებდნენ (თან ორ ხმაში, ერთმანეთსაც არ აცდიდნენ), ამის უფლება არ გაქვსო.

ვეუბნები: განაწესში ჩავიხედოთ, უფლება მაქვს მეთქი.

იქვე ჩემი ახლო ნათესავი იყო, რომელიც იმ დროისთვის კასპის გამგეობაში მუშაობდა და სხვა არ ვიცი, მაგრამ აღნიშნულ არჩევნებზე „ნაციონალების“ ინტერესების დაცვით იყო დაკავებული. შავებში ჩაცმულმა ჩემმა ბიძაშვილმა ხელი ხელზე სახესთან, სულ ცხვირთან მიტყაპუნა, სად წერია, მაჩვენეო.

სანამ რამეს ვეტყოდი, ოლია მახარაძე “შეცდა” და კარგად, მკაფიოდ, მოზრდილ და ხარისხიან ქაღალდზე ამობეჭდილი ხანუმას დავთარი მომაფეთა, წაიკითხეო.

ოხ, გაიხარეთ მეთქი და ვუღიმი: ის მაინც არ იცით, ინგა გრიგოლიამ ქდმ რატომ დატოვა? 🙂 ვერ მიხვდა…

მარტივად ეწერა, რომ ნებისმიერ კამერას, რომელსაც გააჩნია შტატივი, შეუძლია, საარჩევნო უბანზე გადაღება 10 წუთის განმავლობაში შეუფერხებლად აწარმოოს, შემდეგ კი ყუთიდან 3 მეტრის დაშორებით ერთი კონკრეტული ადგილიდან გააგრძელოს. რაც შეეხება ტელეფონს, ჟურნალისტს ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი რაკურსით შეუძლია მოქმედება.

ოლიას ვეკითხები:

– ქალბატონო ოლია, თქვენ ვისი ფორმა გაცვიათ?

– როგორ ვისი? კითხვა არ იცი? ცესკო-ს ფორმაა!

– ეს განაწესი ვისია? (აშკარად გაირჩევა წარწერაც და ლოგოც. მ.გ.)

– დამცინის ეს ბავშვი? ცესკო-სია!

– რატომ დაგცინით? ზუსტად აქ წერია, რომ მე ამის უფლება მაქვს. და ჩანაწერს ვაჩვენებ.

ოლია:

– მე არ ვიცი, მანდ რა წერია, მე გეუბნები, ეგრე ახლოდან ნუ მიღებ მეთქი, თორემ!..

– თორემ რა, ნიშანს დამაკლებთ? ნუ, აქ უკვე თვითონაც დადგა სიცილის ხასიათზე (ნაძალადევის, მაგრამ მაინც)…

ეს ერთი…

გავიდა რამდენიმე ხანი და სააგენტოს „ნიუსი“ ზუსტად ასეთი ტექსტით გადავეცი, რომ ყუთში ჩაგდებამდე ორ ადამიანს, აქედან დამკვირვებელ ჯემალ (დათო) ბექაურსა და კომისიის წევრ დალი კორკომაშვილს კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის მიერ შემოხაზული ბიულეტენის ნახვის საშუალება ჰქონდათ.

ვინც ჟურნალისტიკასთან თქვენობით არ არის, იცის, რომ ინფორმაციის ტელეფონით გადაცემისას მასალა ჯერ ქაღალდზე ინიშნება, ლაგდება და სააგენტოს ისე გადაეცემა.

დღემდე ვინახავ იმ მასალას, ზუსტად ამ სიტყვებით მეწერა.

ცოტა ხანში დალი კორკომაშვილი მეძახის და გვერდზე მიხმობს. მივყევი. მოგუდული და ვითომ კეთილგანწყობილი, ნაძალადევად, თუმცა შიშნარევი ტონით მეკითხება, „მაესტროს“ მასალა შენ მიაწოდეო? არა მეთქი… ვაა, აბა, ვინ იყო, ნეტა, ეტყობა “ინფო9-მ” მისცაო.

ჩემი სააგენტოს ვებ-გვერდიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ აუღია, იქიდან – რადიოს და კასპში მოუსმენიათ, ამასაც, როგორც ჩანს, “შეუნთეს”. 🙂

მე „მაესტროსთან“ არაფერი მაკავშირებს, მხოლოდ ჩემს სააგენტოს გადავცემ მეთქი, ვუთხარი.

ანუ, შენ ჩემზე არაფერი დაგიწერიაო? თქვენზე დავწერე მეთქი, დავუდასტურე.

არც უკითხავს – რა. აი, რომ გაქანდა დარბაზის შუაგულში, ხელები გაშალა და წრეზე ტრიალი დაიწყო, ისეთი ბრუნავდა, მატყლი რომ გამოგება, წინდისთვის ძაფს დაართავდა! 🙂 ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მთელი ხმით კიოდა, ხაააალხო! ამ პატარა ლაწირაკმა ჩემზე დაწერაო!

აჰა, ოკ 😉

ნუ, გავუღიმე და ჩამოვჯექი…

მალევე „ნიუსის“ გადასაცემად გასულმა დავინახე, სკოლის ერთ-ერთი გვერდითი ფლიგელის ღია ფანჯრიდან (ყველა ფანჯარა ღია იყო) თოკი იყო ჩამოშვებული, გარეთ კი ის შემადგენლობა ტრიალებდა, რომლებზეც წინა დღით ჩასულს მეზობლებმა მითხრეს, ბოსტანამ (ეს ის ბოსტანაა, ჯემალ (დათო) ბექაური, „ინფო9-მაც“ რომ გაატელევიზორა, წინასაარჩევნოდ „ნაციონალების“ ანგარიშზე 37 ათასი გადარიცხაო) 20-20 ლარი დაურიგაო და არჩევნების დღესვე მაკარონიან ფენოვან ხაჭაპურს რომ აძიძგნინებდა სკოლის ეზოში უბნის საბიჭბუჭოს.

ფოტოები გადავუღე და ამ დროს “ნაციონალებმა” დამაფიქსირეს. მალევე ფანჯრები დაიხურა და თოკიც გაქრა.

ამასობაში, 3 ადამიანის შემადგენლობით  ლიტვის სადამკვირვებლო ჯგუფი მოვიდა და სიტუაციაში გასარკვევად თარჯიმანთან ერთად ოლიას მიადგა. იქვე ვიყავი და ვისმენდი, რა საოცარი სიმშვიდით დაუხატა უბანზე არსებული სანიმუშო მდგომარეობა. იმავე მამაკაცმა რამდენიმე წუთში მე შემამჩნია, მომიახლოვდა, მომესალმა და ინგლისური თუ იცითო, მკითხა. კი, ბატონოთქვა. ვინ ხარო, მკითხა და იქვე მოდიში მომიხადა, „ბეიჯი“ ახლაღა შევამჩნიეო. შენ რას მეტყვიო. ვუთხარი და თქვენ მიცნობთ, იცით, რომ ერთ სიტყვას საჭიროზე არც ზედმეტს, არც ნაკლებს არ ვიტყოდი. 🙂 სამაგიეროდ, ამხანაგი ოლია მახარაძე და არანაკლებ ამხანაგი დოდო ჯანგავაძე იყურებოდნეეეენ, მტრისას! ვერ იგებდნენ, რაზე ვლაპარაკობდი 😀

წავიდნენ…

იქვე „ნაციონალების“ წარმომადგენელი ნოდარ ცინცაძეც გამოჩნდა, სიტუაციას დახედა და წასვლას რომ აპირებდა, ვკითხე, რამე ისეთი ხომ არ მომხდარა, გაშუქება რომ იყოს საჭირო, პრობლემა ხომ არ გქონიათ მეთქი? არაო. შენ მარტო „ნაციონალების“ დარღვევას რომ აშუქებ, სხვას რატომ არ წერო? დაარღვიონ და დავწერ, თქვენ ვერ მიმითითებთ, მაგას ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა ჰქვია, ისედაც საკმარისი უსაფუძვლო პრეტენზია ვითმინე თქვენიანების მხრიდან მეთქი. თანაც, კასპში რომ ჩამოვედი გუშინ, პრეს-სამსახურები მოვიკითხე და „ოცნების“ გარდა არცერთს გყოლიათ და მე ხომ არ შეგმიქმნით მეთქი?

EC2D0216-88FC-4402-A49E-4DB2FA2C1B5D_mw1024_n_sისიც წავიდა…

ამასობაში, დედაჩემიც მომადგა მეზობლებთან ერთად თავისი განუყრელი ხელჯოხით, ძლივს რომ ამოვიდა კიბეზე, ჩანთა მოიჩხრიკა და აღმოაჩინა, რომ პირადობის მოწმობის ნაცვლად სულ სხვა ბარათი წამოუღია. ვერ გავამტყუნე, ერთი სათვალით ძლივს ხედავს. 🙂 ტაქსი ელოდებოდათ, ბედზე, „ინფო9“ მობრუნდა, ვუთხარი, რამე თუ იქნება, ე, ბიჭო, არ გამომაპაროთ, კონტაქტზე იყავით მეთქი. გავსქურე, პირადობა მოვუტანე და ბედად სიმშვიდე დამხვდა. ოლია და ჩემი ბიძაშვილი მომიბრუნდნენ, დედა რომ ვერ ხედავს, კაბინაში შეყევი, დაეხმარეო. არაო!- ამაყად შევიდა ჩემი მაგარი დედიკო კაბინაში, არ მინდა დახმარება, ვიპოვი, მე ვინც მინდაო, გამოვიდა, არანაკლები სიამაყით ჩააგდო ყუთში კუთვნილი კონვერტი, წავედი ახლა მე და, აპა, შენ იცი, ვინმეს დასაჩაგრავი შვილი არ გამიზრდია მეო, მომაძახა და „მულო შე გეუბნები, რძალო შენ გაიგონე“ სიტყვა დატოვა. 🙂

მოკლედ, მოსაღამოვდა და შევამჩნიე, ბოსტანებმა (ორნი არიან, ძმები) საკვების შემდეგ არყის ბოთლებიც როგორ შემოახრიგინეს. იქვე (მე როცა ვსწავლობდი) ლოგოპედის კაბინეტი იყო და იქ შეიტანეს.

ამასობაში, ეუთო-ს დამკვირვებელთა ჯგუფი მოვიდა. მათ შორის ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელმაც „პრეს-კარტა“ რომ დამინახა, გამომელაპარაკა და მუშაობა ხომ არ გიჭირსო, მკითხა. როგორი სიტუაციააო… თუ დარჩებით, უკეთესი იქნება მეთქი. რატომო? რამდენიმე წუთის წინ ალკოჰოლი შემოიტანეს და კაცმა არ იცის, რა მოხდება მეთქი. სადააო, ოთახზე მივუთითე, ნახა, ოკ-ო და გავიდა. მალე წავიდნენ, მერე ლაგამ-აბჯარ-უნაგირასხმულები (სრული საინფორმაციო ეკიპირებით 🙂 ) დაბრუნდნენ და დაბანაკდნენ.

გამიხარდა…

საღამოს ამომრჩევლის რიცხვმა იკლო და 8 საათიც გახდა. კარი დაიკეტა, მეც სკამზე ავძვერი, ტელეფონი მოვიმარჯვე და ყუთის გახსნის პროცესის გადაღება დავიწყე. მშვიდობა იყო.

საბოლოო ჯამში, ონოფრიშვილმა ხაჩირაშვილი იპონით დააგდო. დააგდო რა, დაახეთქა. 🙂

ის პედაგოგები უნდა გენახათ, მანამდე ალუმინის სახეებით რომ ისხდნენ, როგორც კი ხმის დათვლის პროცესში ონოფრიშვილის უპირატესობა დაინახეს, ჩურჩულებდნენ, ხომ ხედავთ, იგებს და ჩვენ რას ვაკვლევინებთ თავსო.

დალი მოვიდა კორკომაშვილი და იცით, რა არის, მე კორესპონდენტად ვმუშაობდი და ვიცი, როგორ კეთდება საქმეო. კი, ვხედავ მეთქი. ბოდიშის სახე ჰქონდა. მერე ის საინფორმაციო სააგენტო დამისახელა, რომელთანაც “ნიუსების” გადაკატავებისთვის” სულ ჯახი ხდებოდა. 🙂

რა ვქნა? ოსური ხასიათი მაქვს, ჯიუტი ვარ და უსამართლობაზე ალერგია მაქვს! 🙂

ხომ ასე დავიღალე, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ რამედ მიღირდა:

მთელი საღამოს განმავლობაში და ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე, დაახლოებით, ღამის 4 საათამდე სკოლის კიბეებზე შემომდგარი ადამიანების ახუნძლულ თავებს ვხედავდი, გარედან აკაკუნებდნენ ფანჯრებზე, როგორაა საქმეო.

იცით, ვინ იყო ის ხალხი?

ჩემი უბნის ის მამაკაცები, რომლებიც იმ ბოსტანებმა და მაგათნაირებმა სახლებში მხოლოდ იმიტომ მოსვეს, რომ ვერ იყიდეს და ვინც იყიდეს, იმათ უკაცრავად და, „აშპანავებდნენ“.

ის მამაკაცები, ასაკის განურჩევლად, რომლებსაც ცხოვრების ყველა ნათელი წერტილი, პერსპექტივა მოუსპეს და „საბირჟავიკოდ“ გაიმეტეს.

ყველაფერი რომ დასრულდა და საოლქო კომისიისკენ აიღეს გეზი, ახლა აღარაფერი მოხდება, თუ რამეა, დაგირეკავთო, არასამთავრობოს წარმომადგენლებმა ნომერი დამაზუსტებინეს.

გამოვედი და სკოლის იმხელა ეზო სულ ხალხით იყო მოფენილი.

ჩემი ერთი მეზობელი დავინახე, მთელი ბავშვობა ერთად რომ გვაქვს გატარებული, სახლში არ მოდიხარ მეთქი?

წამოდიო, მე საოლქოში უნდა ავიდე, მაგრამ შენ აგაცილებო.

გზაში ვეკითხები, საოლქოში რა გინდა, ან ეს ამდენი ხალხი აქ რას აკეთებთ  მეთქი?

რას ლაპარაკობო! – შეიცხადა, – ესენი ისეთები არიან, ან ყუთი რომ მოეტაცებინათ, ან რამე აეტეხათ, მერე რა უნდა გვექნაო?

გავოგნდი…

შენ ხაჭაპური გიყვარს მეთქი?image

კი, რატომ მეკითხებიო…

ფენოვანი მეთქი?

კი, მაგრამ მაკარონით რომ აკეთებენ, „ტრუხას“, ის არაო, – გამიცინა.

ამიტომ ხარ კარგი კაცი მეთქი…

ვერ მიხვდა, მაგრამ არც უკითხავს.

უკვე სახლთან ვიყავით, მადლობა გადავუხადე და მშვიდობიანი ღამე ვუსურვე…

რამდენიმე ინციდენტი კი მოხდა, მაგრამ ის ღამე ყველაზე მშვიდობიანი იყო ჩემს მტვრიან კასპში…

მშვიდობის სუნი დატრიალდა, რაღაცნაირი, ერთიანობისა და სამართლიანობის…

ტრადიციულად და სიყვარულით მიო ❤

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: