“ეტყობა, რომ ქართველია…”


nod„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს…“

ეს დიდი ნოდარ დუმბაძის სიტყვებია და რა გასაკვირია, თუ დღესაც არანაკლებ (თუ მეტად არა) აქტუალური და საგულისხმოა.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ერთ წრეზე ვბრუნავთ და ვტრიალებთ, ვბრუნავთ და ვტრიალებთ…

სამწუხაროა, მაგრამ ამ პრობლემის წინაშე გუშინ და გუშინწინ არ დავმდგარვართ.

არ ახალია, ძველია, რომ ქართველებს მართლა დაუდგრომელი ბუნება აქვთ და სიდინჯესთან ერთად, განურჩევლად იმისა, საქართველოს რომელი კუთხის შვილები არიან, სიფიცხეც ახასიათებთ. მაგრამ ეს სულ ასე იყო და ახლა რატომ იქნებოდა პრობლემა?

საქმე სულ სხვა რამეშია: ჩვენი სიდინჯის, სიმშვიდის, სიფიცხის, მათ შორის, ზოგადად ქართული ხასიათის აღქმის უნარი შენელდა…

საქმე საქმეზე რომ მიდგება, სუფრასთან, განსაკუთრებით ჭიქით ხელში, როგორ ვახასიათებთ საკუთარ თავებს?

  • ვაჟკაცები
  • ტრადიციულები
  • მორწმუნეები
  • სამართლიანები
  • სტუმართმოყვარეები
  • ქალის პატივისმცემლები

და მრავალი ასეთი…

გეთანხმებით, ყველა მათგანი ქართულ ხასიათში დევს, მაგრამ თვითონ ეს ქართველები სად არიან?

მე გეტყვით: დიდი ილიას ნაწარმოებებში…29181364718305

მაგრამ ერთ რამეს არ ვითვალისწინებთ. კერძოდ, იმას, რომ ილია – ქართველთა დიდი მამა და ნამდვილი განმანათლებელი – ქართული ხასიათის ჭირ-ვარამზეც ისევე აღნიშნავდა, როგორც დადებით თვისებებზე. მხოლოდ ერთი ფრაზა – „ეტყობა, რომ ქართველია“ – ამის სრულ კონცეფციას წარმოადგენს.

მაკრიტიკებენ, ქართველებზე ასე კრიტიკით რატომ ლაპარაკობო…

აი, რატომ:

განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში იმდენად შევიცვალეთ, ჩვენს ცხოვრებაში იმდენი სიახლე შემოვიდა, სწორად აღქმა გაგვიჭირდა, თუმცა ყველაფერი ავიღეთ და უბრალოდ მივიღეთ – ახალიაო.

სამწუხაროდ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ვაჟკაცობა მასობრივი გავრცელების საშუალებებში ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ქილიკის საგანი იყო, ტრადიციები – „დიდი იუმორის“, მორწმუნეობაზე აღარაფერს ვიტყვი, პირობითი ცნება გახდა, სამართალი ისე „სრულდებოდა“, როგორც, პირდაპირ ვთქვათ, ყოფილ ხელისუფლებას აწყობდა, სტუმართმოყვარეობას იქ დაესვა წერტილი, სადაც სამუშაო ადგილები მოისპო და სტუმრის მიღება-გასტუმრება შავ დღედ იქცა, ვინც დასაქმებული იყო, ისინი აქეთ მოედნენ საქართველოს მიღმა სამყაროს, ქალისადმი პატივისცემა ქუჩაში წამოძახილებამდე დავიდა…

არ შემეკამათოთ, ოჯახებში არავის გივარდებით და ვინც ასე არ იქცევით, ჩემგან მხოლოდ პატივისცემას დაიმსახურებთ.

ისე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტუმართმოყვარეობაზე ზუსტად მე უნდა ვლაპარაკობდე, აზიიდან გადმოხვეწილი ტომების შთამომავალი ვარ და მადლობა ღმერთს და ქართველებს, რომ საქართველოში ისე არცერთი არაქართული წარმოშობის ერის შერწყმა და შედუღება არ მომხდარა, როგორც ოსებისა ქართველებთან – ისტორიამ თქვა, საქართველოს ისტორიამ, ქრისტიანი ოსი უკვე ქართველად ითვლებოდაო 🙂

მადლობა საქართველოს ჩვენი გულში ჩახუტებისთვის…

მეც ქართველი ვარ…

და სწორედ ამიტომ ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველების უმრავლესობას საკუთარი დაავიწყდა და სხვისას გამოეკიდა. ჩვენ ხომ სულ იმით ვამაყობდით (და საფუძვლიანადაც), რომ განსაკუთრებულები ვართ, რომ ჩვენი თვითმყოფადობით, ბუნებით თავი საუკუნეების მანძილზე გაგვქონდა, არაერთი გაჭირვებისთვის გაგვიძლია? ახლა?.. რიტორიკულია, ხომ?

მაშინ, პირდაპირ გეტყვით: უკან გავიხედოთ, საკუთარ თავებს, საკუთარ წარსულს თვალებში ჩავხედოთ და იქნებ, იმაზე დავფიქრდეთ, ჩვენ ხელთ არსებული, ღვთისგან მომადლებული სიკეთეები სად წავიღეთ და უკეთესის არჩევისას უარესი რატომ ავირჩიეთ…

kavkasioni7foისევ ჩვენ მიერვე გამრუდებულის გამოსწორებაზე ვიფიქროთ, დავიწყებული აღვიდგინოთ, ჯერ ჩვენი შევიმეცნოთ და სხვისას მერე წავეპოტინოთ, ცოდნა მივიღოთ, ცოდნა, თორემ „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს…“

მოდი, ყველამ საკუთარ თავში ვეძიოთ ჩვენი დინჯი, მშვიდი და დიდებული კავკასიონი…

სიყვარულით მიო ❤

Leave a comment